საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა შათაშვილი: „მეცნიერები თავისუფლები არიან, არ განსხვავდებიან ტიტულებით, წარმოშობით, სქესით -  მათ მხოლოდ ამოცანები აერთიანებთ...“

 

ალბათ წარმოუდგენელია იცხოვრო ამ სამყაროში და ერთხელ მაინც არ გაგიჩნდეს კითხვა სამყაროს წარმოშობის და მისი განვითარების, ჩვენს ირგვლივ არსებული ბუნებრივი მოვლენებისა და, ზოგადად,  ადამიანების  შესახებ. არც ისაა სიახლე, რომ ამ კითხვების გარეშე  ცხოვრება მეცნიერებისთვის და, განსაკუთრებით ფიზიკოსებისთვის, კიდევ უფრო წარმოუდგენელია. 

 

თსუ პროფესორის ნანა შათაშვილის პროფესიული არჩევანი სწორედ ამ დიდმა ცნობისმოყვარეობამ განსაზღვრა. სკოლაში ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობდა, თუმცა მეცნიერი ოჯახის წევრების - მათემატიკოსი დედისა და ფიზიკოსი მამის შემდეგ, არავის გაკვირვებია, რომ  საბოლოოდ ფიზიკოსობა გადაწყვიტა. თავად ამ არჩევანს ოჯახურ ტრადიციას არ უკავშირებს. გვეუბნება, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, თუმცა თუ საკუთარ თავს მოუსმენ, ზუსტად გაიგებ,  რა აინტერესებს,  რა კითხვებს სვამს და სად უნდა ეძიო პასუხები.

 

„ფიზიკოსის მუშაობის სტილი ძალიან საინტერესოა. ის ცდილობს დასვას ამოცანა, იპოვოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და, საბოლოოდ, ამოხსნას იგი. ამონახსნი ბუნებასთან და რეალობასთან გაახლოებს. ის ძალიან ლამაზია, და რაც მთავარია,  ძალიან მყარი და ფუნდამენტური თეორიებით არის გამყარებული, სწორედ ეს მომწონს - მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა მოვლენებში, ხდომილებებში. რაც არ უნდა ძნელი იყოს ამოხსნის პოვნა, მას მაინც იპოვი, რადგან ის ბუნების მოვლენებს აღწერს. ყოველთვის მინდოდა შემესწავლა ჩემს ირგვლივ სამყარო, ადამიანები, მათი განვითარების დინამიკა, მაინტერესებდა ბიოფიზიკაც, თუმცა, მესამე კურსიდან თეორიული ფიზიკისკენ, შემდეგ კი ასტროფიზიკისკენ გადავიხარე.“

 

ნანა შათაშვილი თსუ-ში სწავლის პარალელურად, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა. კვლევის პროცესი ცნობილ მეცნიერებთან და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებთან ერთად კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. იხსენებს, რომ მათთვის სირთულე და დაბრკოლება არ არსებობდა და   ფიზიკის რთული ამოცანების ლაბირინთში  ერთობლივი ძალისხმევით მოგზაურობდნენ.

 

„ცნობისმოყვარეობა ყველა დარგისთვის მნიშვნელოვანია, -  ფიზიკაში განსაკუთრებით. ეს პროცესი თუ შეწყდა და კითხვებს პასუხები ბოლომდე გაეცა, დავიღუპებით და წინ ვერ წავალთ. ამიტომ, გზადაგზა ახალი „საცნობისმოყვარე მიზნები“ უნდა გაგვიჩნდეს და გვიჩნდება კიდეც, რადგანაც დაკვირვებებისა და კვლევის ახალი მეთოდები ჩნდება -  სამეცნიერო მოღვაწეობა ასეთია. მე რომ ჩავაბარე უნივერსიტეტში, ახალი ინფორმაციის მიღების პროცესი ძალიან რთული იყო. ახლა ინტერნეტია, საერთაშორისო მოგზაურობები და კავშირები ინტენსიურია, თუმცა მაშინ ჟურნალებს ვიწერდით, ბიბლიოთეკებში დავდიოდით, სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში ვეძებდით და ვყიდულობდით ფიზიკა-მათემატიკის წიგნებს. ყველგან გვიცნობდნენ ახალგაზრდა მეცნიერებს და გვეხმარებოდნენ ლიტერატურის მოპოვებაში. ამ პროცესს ამარტივებდა ჯგუფური მუშაობები, ინტერაქცია, დისკუსია. ეს იყო ნამდვილი „დრაივი“, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვგრძნობდით. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რომელ სკოლას ეკუთვნოდი. მე თსუ-ს პარალელურად, ფიზიკის ინსტიტუტში აღვიზარდე, ეს სკოლა კი საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.“

 

30 წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როდესაც  ნანა შათაშვილმა ცნობილი აკადემიკოსისგან, ნოდარ ცინცაძისგან ძალიან რთული დავალება მიიღო. როგორც თავად იხსენებს, ჯგუფში არავის ეგონა, რომ ვინმეს არალოკალური არაწრფივი შრედინგერის განტოლების ანალიზურად ამოხსნა შეეძლო. ნანა შათაშვილმა კი ზუსტად იცოდა, რომ სწორი კითხვების დასმით, პასუხს აუცილებლად მიაგნებდა. მისთვის ეს განტოლება დავალებაზე მეტი აღმოჩნდა.

 

„იმ პერიოდში კიევში ერთ-ერთ მოწინავე კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა არაწრფივ მოვლენებს, აღმოვჩნდი როგორც ასპირანტი.  ჩამოსული იყვნენ ის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც  ამ ტიპის განტოლებებზე მუშაობდნენ. ამ ადამიანებთან გამოლაპარაკებაც კი ერიდებოდათ, მე კი ძალიან დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში. პირდაპირ მივედი, ვუთხარი რომ ამ განტოლების ამოხსნა მინდოდა და, როგორც აღმოჩნდა, სწორი კითხვები დავსვი. მათ მიმითითეს კონკრეტული წიგნები, მეც ბევრი  ვიკითხე,  ვიშრომე და საბოლოოდ, იმ განსაკუთრებულ ამონახნამდეც მივედი.

 

 ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ რთული ამოცანების ამოხსნისთვის შინაგანი სურვილი და თავისუფლება აუცილებელია. მეცნიერები თავისუფლები არიან, არ განსხვავდებიან ტიტულებით, წარმოშობით, სქესით -  მათ მხოლოდ ამოცანები აერთიანებთ. სქესს რა მნიშვნელობა აქვს, ამოცანა არ ელოდება ვინ მოვა,  ქალი მოვა, თუ კაცი, ის ელოდება პრობლემების ამოხსნას.“

 

ნანა შათაშვილი ამბობს, რომ როდესაც ძალიან რთულ ამოცანას ხსნი, ახალი ძალა გეძლევა, და გინდა სხვა პრობლემურ ამოცანებშიც გამოსცადო საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა თეორიული ფიზიკის ბევრ განსხვავებულ არეალში  მუშაობას უკავშირდება.

 

„მე ვფიქრობ რომ მეცნიერებაში გარკვეული წვლილი შეტანილი მაქვს. ვმუშაობდი საინტერესო ამოცანებზე, რომელთა დიდი ნაწილი ცნობილ სამეცნიერო სტატიებშია მოხსენიებული.  საბჭოთა კავშირში რთული იყო ქალისთვის წინ წასულიყავი ფიზიკაში, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ,რომ პრობლემებთან გამკლავებით და შრომით,  მაინც მოვახერხე იმ დროისთვის  წარმატების მიღწევა. ახლა ვცდილობ რომ ჩვენს სტუდენტებს მაქსიმალურად დავუჭირო მხარი. და ბევრი ვისაუბრო ფიზიკაზე, მეცნიერებაზე და იმ კვლევების მნიშვნელობაზე, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლოა.“

 

ნანა შათაშვილი ამბობს,რომ ფიზიკა არც ისეთი „საშიშია“ გოგონებისათვის,როგორიც გვგონია.  სწავლების პროცესზე, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს. უნდა რომ ბევრი ახალგაზრდა და მათ შორის, ნიჭიერი გოგოები დაინტერესდნენ მეცნიერებითა და ფიზიკით. ნანა შათაშვილის თქმით, ამ დარგში ქალის როლი და მნიშვნელობა ცალსახაა, მისი გოგო  სტუდენტები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას და დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

 

„თსუ-ში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან გოგოები, მაგალითად, წელს ჩემი სამი გოგო სტუდენტი: ქეთი კოტორაშვილი, ეკატერინე დადიანი, თინათინ ცისკარიძე,  ჩაირიცხნენ დაფინანსებით  აშშ-სა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში მინდა გითხრათ,რომ გოგოები ფიზიკაში გასაკვირი არაა, ბევრი ფიზიკოსი ქალია ნობელის ლაორეატი, ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორები არიან სწორედ ქალები. ამიტომ ფიზიკაში მუშაობა ისეთი რთული არ არის, როგორც წარმოუდგენიათ, განსაკუთრებით იმ მშობლებს,რომელთა გოგონებსაც ფიზიკოსობა უნდათ. პირიქით, მე ვფიქრობ რომ ფიზიკოსი გოგოები ძალიან თავისუფლები და აქტიურები არიან, მუდმივად მუშაობენ, ვითარდებიან და ახალ-ახალ მიზნებს ისახავენ. ეს არის მეცნიერება - მუდმივი განვითარების პროცესი. თან ფიზიკოსები კარგები არიან მართვის, საბანკო, თუ კომპიუტერულ სისტემებში მოღვაწეობისას.  შეიძლება ფიზიკაში არ დარჩენ, თუმცა საზოგადოებას მაინც გამოადგენ იმ მუშაობის სტილითა და საქმისადმი მიდგომით, რაც მხოლოდ ფიზიკოსებს ახასიათებთ.“

 

თსუ პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული 2001-2002 წლებში, ტოკიოს უნივერსიტეტში  მუშაობდა როგორც მოწვეული პროფესორი, ასევე  2007 და 2012 წლებში,  ცნობილ პროფესორთან ზენშო იოშიდას ჯგუფში  ასტროფიზიკურ და ლაბორატორიულ გარემოებში წონასწორული სტრუქტურების ფორმირების ამოცანებზე და მზის ატმოსფეროს მრავალმასშტაბიან დინამიკაზე, მასში გაცხელებისა და ტრანზიენტული დინებების ფორმირების ამოცანებზე; დისკი-ჯეტის სტრუქტურის ფორმირებაზე.

 

ტოკიოს უნივერსიტეტთან ერთად, გასული წლების განმავლობაში  ნანა შათაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა, მადრიდში, ალკალა დე ჰენარესის უნივერსიტეტთან (მიწვეული პროფესორი) ,  ვანკუვერში (კანადა) University of British Columbia (UBC) -ს პროფესორებთან ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურიერთქმედებისა და არაწრფივ  ურთიერთქმედებებზე, ნაწილაკი-ტალღას რეზონანსული კინეტიკური ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე. 15 წელი იყო  აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (Abdus Salam International Centre for Theoretical Physics, (ICTP), Trieste, Italy) რეგულარული ასოცირებული წევრი და შემდგომ 8 წლის მანძილზე სენიორ ასოცირებული წევრი.

 

„იქ (ICTP), პრაქტიკულად ყველა თანამედროვე თეორიულ ამოცანაზე ვმუშაობდი ასტროფიზიკურ და ლაბორატორიულ გამორემოებში სტრუქტურების ფორმირებისა და გაცხელება-აჩქარების ამოცანებზე, რაც ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით თანამედროვე აღმოჩენებისა და დაკვირვებების გათვალისწინებით.“

 

ნანა შათაშვილი ამჟამად კომპაქტური ობიექტების ევოლუციაზე, გამოხსივების დინამიკასა და  ასტროფიზიკურ ძლიერი მაგნიტური ველებისა და დინებების ფორმირება-გაძლიერებაზე მუშაობს. იკვლევს დისკი-ჯეტის სტრუქტურის ფორმირებასა და მდგრადობის ამოცანებს.

 

„ბევრი ნიჭიერი სტუდენტია დაინტერესებული და ვცდილობ გაერთიანებული ძალებით ისინი დავაკავშირო ამ საინტერესო პრობლემებს, ერთმანეთს და წამყვან საერთაშორისო სკოლებს.

 

კარგია ფიზიკის დარგში მუშაობა,  როგორც მოქანდაკე ძერწავს და შედეგს ნახულობს, ისე ვართ ჩვენც, ვხსნით იმ ამოცანებს,რომლებიც რეალობასთან კიდევ უფრო გვაკავშირებს. მერკანტილურად რომ ვთქვათ, გამოსადეგია ამ დარგში მუშაობა, ჭკვიანი ხართ იმ აზრით, რომ გაქვთ მოქნილი აზროვნება, სწრაფად აღიქვამთ სოციალურ და რთულ სისტემებს, შეგიძლიათ წინასწარმეტყველებაც, ეს არის უნარჩვევა - გააკეთო მარტივი გათვლები. გაქვს საინტერესო ცხოვრება, ეცნობი სამყაროს, მსოფლიოს, ადამიანებს, ფაქტობრივად, მსოფლიოს ერთი თავიდან, მეორე ბოლოში ყველგან ვარ ნამყოფი. სამხრეთ ნახევარსფეროში არ ვარ ნამყოფი და იმედია მანდაც მოვხვდები.“

 

ნანა შათაშვილი,პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე;

თსუ ანდრონიკაშილის ფიზიკის ინტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;

თარიღი: 08/03/2021